პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი დაიბარეს

02-06-2020 15:19:43 პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს. საქმე ოთხ საკითხს ეხება, მათგან ორი ახალი ტიპის კორონავირუსთანაა დაკავშირებული, ხოლო დანარჩენი ორი – 520-ე დადგენილებასა და სოციალური მუშაკების გათავისუფლებასთან.

"საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნიდან გამომდინარე წარმოგვიდგინოს ინფორმაცია და გვითხრას, რა პროგნოზები გვაქვს ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის კუთხით; რამდენად მზად არის ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიის მართვისთვის. აქამდე გვქონდა შეკავების ფაზა, ახლა, როცა გაიხსნა ეს ყველაფერი, იწყება ეპიდემიის მართვა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად გამოიყენა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს დრო, რომ უკეთესად მომზადებულიყო ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი. მეორე საკითხი, რაც გვაინტრესებს, ეს არის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რა პარამეტრების და მონაცემების დროს დადგება საკითხი საგანგებო მდგომარეობის ან ნაწილობრივი შეზღუდვების შემოღების. ახლახანს იყო ინფიცირების 26 შემთხვევა და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ეს არის პანიკის საფუძველი თუ ეს ჯდება მოსალოდნელ პროგნოზში. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, მაგალითად, ბავშვები სკოლაში წაიყვანონ თუ არა. მესამე საკითხი არის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება, ამაზე დიდი პროტესტი იყო და ეს თემა არ დახურულა. მეოთხე საკითხი კი არის ავბედითი 520-ე დადგენილება, რაც ასევე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ამ დადგენილებით ძალიან გაუარესდა ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კარდიოლოგიური კლინიკების მდგომარეობა. იყო საუბარი, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდოდა ამ დადგენილებაში და ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. ახლა აპირებენ ახალი დადგენილების შემოღებას, რომლითაც მაღალტექნოლოგიური დარგებისთვის გარკვეული პირობები მკაცრდება, რაც პირველ ეტაპზე კარდიოლოგიას შეეხება. ითხოვენ ამ დადგენილების გადავადებას და ამაზეც არ არის პასუხი,"- აცხადებს ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები