მოუწოდებენ თუ არა ამერიკელი დემონსტრანტები პუტინს აშშ-ში ჯარების შეყვანისკენ?

02-06-2020 18:52:23 მითები და რეალობა

რამდენიმე დღეა ტვიტერში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის პლაკატს წარწერით: “Chernorossia - Putin vvedi voiska!”. ტვიტერზე აღნიშნულ ფოტოს სხვადასხვა კომენტარით მეტწილად რუსულენოვანი ანგარიშები აზიარებდნენ.

ფოტო შემდეგი მესიჯებით გავრცელდა: “სიმართლეს ჰგავს”, “აი მინიშნება, თუ როგორ წარმოითქმის “მინეაპოლისი ჩვენია” ნეგროიდულ ენაზე”, “როგორც ჩანს შავი რუსეთის ჩამოყალიბებას ვიხილავთ აშშ-ში”, “რას ბედავენ ეს აფროამერიკელები? სულ გავიდნენ თავს. სად იყურება ამერიკის არმია?”, “ბორჯომის სმა გვიანია, ანუშკამ კვლავ დაღვარა ზეთი, დაგერხა ამერიკა.” და სხვა.

აღნიშნული ფოტო სინამდვილეში ფოტოშოპია. Რეალური ფოტო 2014 წელს დეკემბერშია გადაღებული, როდესაც დემონსტრანტებმა ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ მარში მოაწყვეს. რეალურ ფოტოზე გამოსახულ პლაკატზე მარშის ერთ-ერთი ლოზუნგის წარწერაა გაკეთებული: Hands up, don’t shoot!”

25 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობას აპროტესტებენ. პროტესტი პოლიციელების მიერ შეუიარაღებელი შავკანიანების მკვლელობის წინააღმდეგ აშშ-ში უკვე წლებია პერიოდულად იმართება და ლოზუნგებიც უცვლელია: "Hands up, don't shoot," "Black lives matter," "I can't breath".

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები