Accentnews.ge
„ლელომ“ თავისი საზოგადოებრივი პორტრეტი უნდა შექმნას,  როგორც პოლიტიკური ალტერნატივის“

„ლელომ“ თავისი საზოგადოებრივი პორტრეტი უნდა შექმნას,  როგორც პოლიტიკური ალტერნატივის“

03/06/2020 15:52:51 პოლიტიკა

ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება აცხადებს, რომ სადღეისოდ მთავარი ამოცანა კანდიდატების შეთანხმებაა. თუ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ კომენტარებს გადავავლებთ თვალს, მათ წინ რთული პროცესი ელით, პარტია „ლელო“ კი დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება.

„ერთიანი კანდიდატების იდეის მაინც და მაინც არ მჯეროდა: მათ [ოპოზიციას] უკვე ერთმანეთში აქვთ საქმეები გასარჩევი. მსგავსი პროცესები საქართველოში არ მთავრდება ხოლმე კონსენსუსით და ჰარმონიით – ვიღაცის ინტერესები იჩაგრება, ვიღაცას ზედმეტი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, მით უმეტეს, როდესაც იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ასეთ არაერთგვაროვან ძალებზეა საუბარი, რომელთა თანამშრომლობაც არ წარმომიდგენია. რაღაც საშინელი მტრის წინააღმდეგ უნდა იყოს ბრძოლა, მე ამ პათოსს ვერ ვამჩნევ“,– ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

რაც შეეხება „ლელოს“ განაცხადს, ფირალიშვილი ფიქრობს, რომ პარტიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია მნიშვნელოვნად აქვს შესაცვლელი:

„როგორც კი ლელო გამოჩნდა, ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, მაშინვე მიიქცია ყურადღება. სამწუხაროდ, ამჟამად ლელო არაეფექტურ საინფორმაციო პოლიტიკას ეწევა და თუ ასე გააგრძელებს, თუ ამ ტექნოლოგიებით გააგრძელებს საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარებას, წარმატების მიღწევა გაუჭირდება – პოლიტიკური ცხოვრების წინაპლანზე არ ჩანს. თავადვე ამბობენ, რაღაცეებს მკვეთრად შევცვლითო. ვნახოთ“.

მისივე თქმით, პოლიტიკური ნიადაგი ახალი ძალისთვის მზადაა და ამით სარგებლობაა საჭირო:

„ვითარება მზადაა იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური აქტორი მიიღოს. ამ სიტუაციით სარგებლობაა საჭირო. საზოგადოება შენ არ დაგიწყებს ძებნას, თავად უნდა შესთავაზო თავი, როგორც პოლიტიკურმა აქტორმა. პოლიტიკურ ბრძოლაში იმარჯვებს არა ყველაზე ჭკვიანი, მოხერხებული თუ პროფესიონალი, არამედ ის, ვინც თავს სთავაზობს საზოგადოებას. „ლელომ“ თავისი საზოგადოებრივი პორტრეტი უნდა შექმნას, როგორც პოლიტიკური ალტერნატივის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S