ძაბირაძე – „ლელოს“ გადაწყვეტილებაზე: „სწორი ნაბიჯია“

03-06-2020 19:56:50 პოლიტიკა

ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება აცხადებს, რომ სადღეისოდ მთავარი ამოცანა კანდიდატების შეთანხმებაა. თუ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ კომენტარებს გადავავლებთ თვალს, მათ წინ რთული პროცესი ელით, პარტია „ლელო“ კი დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით აცხადებს, რომ ენმ–სა და „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა მათ მხარდამჭერებისას უტოლდება, ამიტომ რესურსი ახალი პოლიტიკური ძალისთვის არსებობს, თუმცა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა ის, მიიზიდოს იმედგაცრუებული მოქალაქეები.

ამასთან, ძაბირაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შესახებ „ლელოს“ გადაწყვეტილებას სწორად აფასებს:

„პანდემიამ განსხვავებული რეალობა შექმნა. დღეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის იმიჯი აქვს, მაგრამ იწყება ძალიან რთული პროცესი – სოციალურ–ეკონომიკური, სახელმწიფოს კი საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს. როგორ გაართმევს ამ პრობლემებს თავს „ქართული ოცნება“ და როგორ მივა არჩევნებამდე, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვითარება. „ქართული ოცნება“ შეეცდება, ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებზე გააკეთოს აქცენტი – ამომრჩევლის შანტაჟის „ყველაზე კარგი“ საშუალებაა. თუ აქედან „ლელო“ შესაბამის ვერსიებს მოძებნის, ექნება შანსი, წარმატებული იყოს. ამ ეტაპზე ვითარება გაურკვეველია. სწორი ნაბიჯია, როდესაც „ლელო“ ამბობს, რომ დამოუკიდებლად იბრძოლებს და ეყოლება ყველა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი: 30–ვე ოლქში მაჟორტარმა შეიძლება, ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ მისი არსებობა პროპორციულ სიაზე მუშაობს. თუ წარმატების მიღწევა გინდა, ოლქების ძირითად ნაწილში მაინც უნდა გყავდეს მაჟორიტარი. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. „ლელოს“ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს – ახალგაზრდები, ძველგაზრდებიც, პოლიტიკაში გამოცდილები, გამოუცდელები, რეპუტაციულებიც, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის ნდობა მიიღოს? სუსტი წერტილებიც აქვს – საქართველოში ბანკები არ უყვართ. მერწმუნეთ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კონკურენტი პარტია იმუშავებს ამომრჩეველზე, მათ შორის „ქართული ოცნება“, ამიტომ აქედან გამოსავალი უნდა მოიძებნოს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები