მაჩალიკაშვილმა გომელაურთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

03-06-2020 23:45:18 სამართალი

პანკისში მოკლული ახალგაზრდის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„მე შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, არც წავიდოდი. ისე მოხდა, რომ ქალბატონი მედიკო [მაჩალიკაშვილის მეუღლე] წავიდა იმ შეხვედრაზე, გაესაუბრნენ ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს ირაკლი ჩიმაკაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ შეფს ვახტანგ გომელაურს. ზუსტად გადმოგცემთ მაგ სიტყვებს – (ეს არის ჩიმაკაძის და გომელაურის სიტყვები), „დიახ, ქალბატონო, ვიცით ჩვენ, რომ თემირლანს არანაირის კავშირი არ ჰქონდა ჩატაევთან [ახმედ ჩატაევი], მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოხდა, ამის აღიარება ჩვენ გვიჭირს“. თუ მათი სიტყვები არ არიან, ის ორი პიროვნება მე და მედიკოს ტელევიზიაში დაგვიჯდეს“,– განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვას, შეცვალა თუ არა რამე ბოდიშმა, შვილმოკლულმა მამამ უპასუხა:

„გომელაურის ამ ბოდიშის მერე დღეს მედიკო მეუბნება, „მაგ ადამიანის მიმართ სიძულვილი გამიქრაო“.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ვაჟის საქმეზე ბრძოლას გააგრძელებს.

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბაადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს და რამდენიმე დღეში იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის: პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყებან სამართალდამცველთა მხრიდან კანონდარღვევა არ დაადგინა.

იხილეთ ასევე: კითხვები თემირლანის საქმის გარშემო

„ძალიან მძიმე იყო აღმოჩენა"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები