
გენერალ ქიშმარიას სთხოვეს, დააზუსტოს, ვის მიიჩნევს მოღალატედ
04/06/2020 12:56:29 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს, მინისტრის მრჩევლად გადაყვანილ არმიის გენერალ მერაბ ქიშმარიას სთხოვენ, დააზუსტოს, ვის უწოდა ამ დღეებში ახალ თანამდებობაზე წარდგენის ცერემონიის დროს “მოღალატე”. შესაბამისი მიმართვა მან დღეს ვეტერანების ორგანიზაცია “არუაასგან” მიიღო.
«ცერემონიაზე ბრძანეთ, რომ თვალი აგეხილათ და მიხვდით, ვინ არის მოღალატე. გთხოვთ, გაგვცეთ ოფიციალური პასუხი, ვის მიიჩნევთ სადღეისოდ გამყიდველად. ჩვენ, თქვენს მსგავსად, ერთად გამოვიარეთ ომი, დღეს გვირეკავენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩვენი მოხალისე ძმები და გვეკითხებიან, ვის მიიჩნევს გენერალი ქიშმარია მოღალატედ», – ციტირებს ვეტერანების მიმართვას ადგილობრივი გამოცემა «Нужная газета».
დასასრულს ვეტერანები გამოთქვამენ იმედს, რომ პასუხს მიიღებენ საჯაროდ დასმულ კითხვაზე, რადგან შესაბამისი განცხადებაც საჯაროდ გაკეთდა.
ახალი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი თანამშრომლებს 3 ივნისს წარუდგინეს. დე ფაქტო ექს-მინისტრმა ქიჩმარიამ კი, რომელიც მისი შემცვლელის მრჩევლად დაინიშნა სამხედრო საკითხებში, ცერემონიაზე დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მადლობა გადაუხადა, თუმცა დასძინა, რომ «ბევრი რამ შეეცვალა ცხოვრებაში და მიხვდა, ვინაა მოღალატე, ვინ ვინაა და დარწმუნებულია, რომ სამართალი იზეიმებს”.
იხილეთ ასევე: მერაბ ქიშმარია: “მე მივხვდი, ვინ არის მოღალატე, გავერკვიე, ვინ ვინ არის და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს”