გეიტსი - ჩიპირების თეორიაზე: “მეტისმეტი სისულელეა, რომ უარვყო”

05-06-2020 12:54:36 მითები და რეალობა

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, მულტიმილიარდერი ბილ გეიტსი ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას სწორედ მან შეუწყო ხელი, რათა ვაქცინაციის საფარქვეშ ადამიანების მასობრივი ჩიპირება განეხორციელებინა.

როგორც გეიტსმა განაცხადა, მას მიკროჩიპებთან არასოდეს ჰქონია კავშირი.

"ამის უარყოფა საკმაოდ რთულია – იმდენად უცნაურია და იმდენად დიდი სისულელე", - ციტირებს გეიტსს გამოცემა “Business Insider”.

BBC-სთან ინტერვიუში კი გეიტსმა აღნიშნა, რომ “ყველა ამ გიჟური იდეის არსებობა საკმაოდ აშფოთებს", რადგან ვაქცინაციაზე უარის თქმა მხოლოდ სიკვდილიანობის ზრდას მოიტანს.

"როდესაც საბოლოოდ ვაქცინა გვექნება, უნდა ვიზრუნოთ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებაზე, რათა მოსახლეობის 80 პროცენტი მაინც იყოს ვაქცინირებული. მაგრამ თუ ადამიანები ჩათვლიან, რომ ეს აფერაა, ან რომ ვაქცინა მავნებელია და ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, ეს ვირუსი ადამიანთა კვლას გააგრძელებს", - აღნიშნა გეიტსმა.

მანამდე ჩინურ ტელეარხ CCTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი მან აღნიშნა, რომ "ირონიულია, მსგავს ბრალდებებს გამოთქვამდნენ მათ მიმართ, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიო მზად იყოს, ვინც მილიარდებს დებს, რათა სხვადასხვა ვირუსებთან დაკავშირებული პრობლემები ფართო მასშტაბში გადაიჭრას".

  • ბილ გეიტსის ფონდმა 300 მილიონი დოლარი გამოყო ვაქცინის შემუშავებისთვის.
  • 4 ივნისს ფონდმა განაცხადა, რომ მომდევნო 5 წლის გამავლობაში ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს (GAVI) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინებით უღარიბესი ქვეყნების უზრუნველსაყოფად 1,6 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები