
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პატიმრების მასობრივი თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა
05/06/2020 11:11:19 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პატიმრების მასობრივი თვითმკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია დილიდან აქტიურად მუსირებს სოცქსელების ოსურ სეგმენტში.
“ხალხო, ამჯერად რა ხდება? დილიდან გადაჰყავთ და გადაჰყავთ მსჯავრდებულები საავადმყოფოში, არ ვიცი – ციხიდან, თუ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. უმრავლესობას ვენები აქვს გადახსნილი… აი ჩვენი უწყებების, დეპუტატების, პროკურორების, სასამართლოების არაკომპეტენტურობის შედეგი! სულ ვწერ, სულ ვლაპარაკობ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ ვის ესმის?!” - წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ფატიმა მარგიონი.
იგი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი – დე ფაქტო ხელისუფლება თავადაა ამ მოვლენების შემოქმედი, სხვა ინსტანცია კი, რომლისთვისაც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას შეეძლო, მიემართა, გასაგები მიზეზების გამო არ არსებობს.
“ჩვენ გვჭირდება ერთი კარგი უფლებადამცველი ორგანიზაცია ევროკავშირის ან გაერო-ს ეგიდით, რადგან აქაური – ოსური ინსტანციების გარდა, მხოლოდ რუსეთის საელჩოზე მიგვიწვდება ხელი, ის კი უარს აცხადებს, დაგვეხმაროს და დაიცვას ჩვენი უფლებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება არღვევს” – წერს მარგიონი.
კომენტატორები იხსენებენ გასული წლის გახმაურებულ მოვლენებს, როდესაც სოცქსელში გავრცელდა ციხეში პატიმრების წამების კადრები, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ჯერ ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა, თუმცა მომხდარზე პასუხი ჯეროვნად არავის უგია.
მოგვიანებით ამ ამბით ოსი ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. ცხინვალის ე.წ. მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მაირბეგ კოკოევმა სააგენტო “რესს” დილით კლინიკაში გამოსასწორებელი კოლონიიდან 6 მსჯავრდებულის შეყვანის ფაქტი დაუდასტურა.
«დილით რეანიმაციაში მოვათავსეთ 6 პირი კიდურების ნაკვეთი ჭრილობებით. ყველა მათგანს დახმარება აღმოვუჩინეთ და ამ დროისთვის ისინი უკვე უკან არიან დაბრუნებულები», - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას 4 მსჯავრდებულთან მიმართებაში ადასტურებს.
«ციხეში ტარდებოდა საშტატო ოპერატიული ღონისძიებები, შედეგად რამდენიმე ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა დღეს დილით ვენები გადაიხსნა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს», – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021