გახარია: "რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები"
05/06/2020 12:46:16 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს, რომ სახელმწიფოს სამსახურში წასვლისას შემოსავალი დააკლდება. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციას ეხებოდა.
"ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" - აღნიშნა გახარიამ.
კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ დადებითი პასუხი გასცა:
"მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. რაც შეეხება კითხვას, მოსახლეობა გაღარიბდა თუ არა, მოსახლება არა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. ყველანაირი პირადულის გარეშე. სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.


