„ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა“
09/06/2020 06:33:27 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა.
"საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება",– აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, თითოეული ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი:
„მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ძალიან კარგი და თვალსაჩინო, როგორიც გახლავთ ტურიზმის სექტორი, რომლის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო დღეს კრიზისის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა ქვეყანამ საქართველო, როგორც ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყნად გამოაცხადა. თუმცა, მთავრობა ამავდრულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ეს ტურბულენტობა, დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში“.
ცნობისთვის: საქართველო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს. გასულ თვეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შემდეგი განცახადა: "ისრაელი სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, საიდანაც მოგზაურებს ვუმასპინძლებთ". თუმცა გუშინ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ "Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი მატების გამო ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას აჩერებს".


