ოქრუაშვილის ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ხოშტარიას და ელისაშვილს განიხილავენ
09/06/2020 17:06:52 პოლიტიკა
"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ერთობაში თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებად ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი განიხილებიან.
"ეს ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ თბილისში კენჭი იყარონ, მე ჩემს ერთ ხმას, ჩემს მოწადინებას, უპირობოდ დავუჭერ მხარს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა ოქრუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, თბილისში დარჩენილ 6 მაჟორიტარულ ოლქში 7 კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ისიც, თუმცა აღარ ჩაერთვება ამ საკითხში:
"მე ჩემი გადაწყვეტილებით ხელს ვუწყობ ერთობას და ჩემს კანდიდატურას საერთოდ აღარ განვიხილავ".
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში თბილისში მხოლოდ 8 სამაჟორიტარო ოლქი დარჩება, მათგან ორთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვა, რომ ის აყენებდა კანდიდატებს.


