"ტურისტის მიღების ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ"
10/06/2020 07:40:22 პოლიტიკა
ჩვენ ვერც ერთ შემთხევაში ვერანაირი ტურისტის ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომის გამო საქართველო პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და ასეთი ვითარება უნდა შენარჩუნდეს, ამიტომ ჩვენ არ უნდა „გამოვეკიდოთ რისკის შემცველ იდეებს“.
ცნობისთვის: საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს. იყო მოლოდინი, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან შემოვიდოდნენ, თუმცა 9 ივნისს პრემიერმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ქვეყნებმა, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, "დაცდა შემოგვთავაზეს".


