კალაძე – 20 ივნისის აქციაზე: „ვერავის ავუკრძალავთ“
10/06/2020 11:02:34 პოლიტიკა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიას არ აქვს უფლებამოსილება, ვინმეს აქციის გამართვის ნება დართოს, ან აუკრძალოს.
„მინდა, ყველამ გაიგოს, რომ დედაქალაქის მერიას არსებული კანონის გათვალისწინებით, არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, რომ ვინმეს დართოს ან აუკრძალოს აქციის გამართვა. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლებამოსილება და ვერავის ავუკრძალავთ. მათი უფლებაა, კონკრეტულ ლოკაციაზე ჩაატარონ აქცია, სადაც მოითხოვენ. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს და ადამიანთა ჯგუფებს შემოტანილი აქვს კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ნებართვა, მერია უფლებამოსილი და ვალდებულია, ეს იმ მხარეს აცნობოს, რომელსაც კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით წერილი შემოაქვს“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქვეყანაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები გამოხატონ და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი.
ცნობისთვის: ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.


