
საქართველომ უკრაინულ ბანკს სასამართლოში 6.8 მლნ ევრო მოუგო
10/06/2020 13:21:50 პოლიტიკა, სამართალი
კიევის სამეურნეო სასამართლომ უკრაინული “პრომინვესტბანკის” წინააღმდეგ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეს 6.8 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, - იუწყება უკრაინული გამოცემა “Finbalance”.
საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთის მშენებლობის საქმეზე. უკრაინულმა კომპანიამ საქართველოსგან ავანსი მიიღო, თუმცა კონტრაქტის პირობები არ შეუსრულებია.
კონტრაქტს საქართველოს პროკურატურაც სწავლობდა.
ამ გარიგების საბანკო გარანტიას სწორედ «პრომინვესტბანკი» წარმოადგენდა, როგორც მშენებლების მიერ ნაკისრი ვალდებულების აღსრულების უზრუნველმყოფი.
გასულ წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა “პრომინვესტბანკის” მიმართ კიდევ 18,4 მლნ ევროს მოთხოვნის თაობაზე.
მესამე მხარედ ამ დავაში “ალტკომი” ფიგურირებს. ადრე ეს ჯგუფი თავის საბოლოო ბენეფიციარებად ალექსანდრე ტისლენკოსა და სერგეი პავლიჩევს ასახელებდა, დამკვირვებლები კი მას არაოფიციალურად აზაროვის მთავრობის ვიცე-პრემიერ ბორის კოლესნიკოვს უკავშირებდნენ, რომელიც თავის დროზე “ევრო-2012”-ისთვის მზადებას კურირებდა, თუმცა თავად კოლესნიკოვი ამას უარყოფდა.