
პრეზიდენტი – გუშინ განვითარებულ მოვლენებზე: "არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული დაპირისპირება"
15/06/2019 10:09:26 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა, არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული, ახალი დაპირისპირება“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აბასთუმანში იმყოფება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა "გარედან მოტანილ დაპირისპირებაში", ან კონკრეტულად რომელ მხარეს.
გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ პრაიდის შესახებ და მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.
ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ აგრესიულები და შეურაცხყოფას აყენებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადები. დააკავეს 28 პირი, თუმცა 21 ამ დროისთვის უკვე თავსიუფალია. მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.