
საქართველოს საგარეო უწყება სააკაშვილის განცხადებების გამო განმარტებებს უკრაინის ელჩისგან მოითხოვს
11/06/2020 08:37:23 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„სწორედ ამის გამო გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ ეს ძებნილი ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, გააგრძელებდა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამას არ ითვალისწინებს, ჩვენ გამოვთქვით წუხილი და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის მხრიდან პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემაზე ჩვენ დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას" და რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.