
ბესელია – კობახიძეს პასუხობს: "ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ამ განცხადების ავტორი"
11/06/2020 09:07:12 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ასეთ განცხადებებს იმისთვის აკეთებს, რომ "2020 წლის საარჩევნო სიაში მოხვდეს და ამით ბიძინა ივანიშვილს ეკეკლუცება".
„რას ერჩის იმ ცხოველს კობახიძე? ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. იმაზე უფრო სასარგებლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის ამ განცხადების ავტორი. როცა არგუმენტები გეცლება ხელიდან და არ გყოფნის ლექსიკონში შესაბამისი სიტყვებით გამოხატო შენი ემოცია, ილანძღები და უკვე ისეთი დაბალი დონის პოლიტიკოსად წარმოგაჩენს, რომ ამაში შეყოლა არ ღირს, მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. დარჩნენ იმ ჭაობში სადაც არიან. ეხლა ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს. ვინც უფრო უზრდელად, უხეშად, აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰქონიათ რომ მის შექებას დაიმსახურებს“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები "ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებას არაკორექტულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ კობახიძის გამონათქვამებთან დაკავშირებით ეთიკის საბჭომ უნდა იმსჯელოს. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში, სადაც აღნიშნავენ, რომ "ძროხა ცუდის გამომხატველი არ არის, სიძულვილის ენა ნამდვილად არ იგრძნობა".
„აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს და ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია ამ შემთხვევაში. შეიძლება ,რაღაც ირონიულია, დამამცირებლადაც მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ სიძულვილი აქ ნამდვილად არ იგრძნობა“, - განაცხდა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის: გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ "ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს".