ზალკალიანი – კონგრესმენების ანგარიშზე: „ივანიშვილთან მიმართებაში სანქციები არ იქნება“
11/06/2020 09:50:47 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში არანაირი სანქციები არ იქნება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას 13 კონგრესმენის ანგარიშის შესახებ, რომელშიც კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
"მინდა, დაგამშვიდოთ, შეიძლება, არ ვიცი, დაგამწუხროთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება და არანაირი სანქციები არ იქნება მასთან მიმართებაში", — უთხრა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.
ამასთან, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კონგრესმენების ანგარიში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილად და ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული, პოლიტიკური ძალის მქონე დოკუმენტი არ არის. მისი თქმით, ანგარიშის ხელისმომწერი კონგრესემენების ნაწილი პირიქით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამატებითი კონსულტაცია გაიმართება ყველა კონგრესმენთან და აუცილებლად იქნება მოკვლეული, “როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ის ერთი აბზაცი მეტად მნიშვნელოვან კვლევაში”.
“ეს ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელია, თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა… ის ფაქტი, რომ მას პირელი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიანიშნებს და ის გამოეხმაურებები ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ამას თარგმნიან მათ მხარდაჭერაში და არა საქართველოსი…”- განაცხადა ზალკალიანმა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა განხილული და საუბარია იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ კონგრესმა უნდა დააწესოს. კონგრესმენები ითხოვენ სანქციები რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც გავრცელდეს, ასეთ ლიდერებს შორის კი ბიძინა ივანიშვილსაც ასახალებენ.


