„ამას უნდა მოჰყვეს ნოტა უკრაინის მთავრობასთან, „ან ბოდიში მოიხადეთ, ან ეგ მოაშორეთ, ან გადმოგვეცით“
11/06/2020 13:36:13 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გია ჟორჯოლიანი ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინულს საქართველოს ექს–პრეზიდენტ, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე მოთხოვნა უნდა წაუყენოს.
„ასეთი ავანტიურისტი, როგორიც სააკაშვილია, დანიშნა [უკრაინის პრეზიდენტმა] რაღაც თანამდებობაზე და ჩვენთან რომ რაღაც რეაქცია გამომჟღავნდა, „სხვა ქვეყნის საქმეში როგორ ერევითო“. უკრაინის ხელმძღვანელებმა უნდა გააკეთონ რეაქცია იმაზე, რომ მაგათი ვიღაც ჩინოვნიკი საქართველოს, სუვერენული ქვეყნის საქმეებში ერევა, ჭკუას გვასწავლის და ბრძოლის წინა ხაზზე დგება. ამას უნდა მოჰყვეს ნოტა უკრაინის მთავრობასთან, რომ „ან ბოდიში მოიხადეთ, ან ეგ აღკვეთეთ, ან მოაშორეთ, ან გადმოგვეცით“,– განაცხადა ჟორჯოლიანმა.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დაიბარა. თავის მხრივ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება აქვს.


