11-06-2020 21:03:35 ევროპა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰელის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ რეფორმების ვრცელი ჩამონათვალია განსახორციელებელი. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ იმ ქვეყნებს, ვისაც თანამშრომლობა სურთ, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია – დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოში რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განუხორციელებელი და ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გვსურს. თუ საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტირება სურს, ჩვენ მზად ვართ. ეს შეთანხმება იძლევა ევროკავშირის კანონმდებლობის 70-80%-ის იმპლემენტირების საშუალებას, რაც საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობა და ყველაზე სწრაფი გზაა ინტეგრაციისთვის. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ვმუშაობთ ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.