„ოცნება“ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს, ოპოზიციას კი პრობლემა აქვს, საკუთარი ინტერესები საერთო წარმატებისთვის დათმოს"

12-06-2020 15:29:43 კომენტარი

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ამ გარემოში საარჩევნოდ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შანსებს აფასებს.

კერძოდ, ჰერბსტი „აქცენტთან“ მიმოიხილავს მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგიის მედეგობას და „ლელოს“ პერსპექტივას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის წარმოებაში.

„მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციონერი რეფორმატორები შეეცადნენ, (თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს) შეექმნათ პარტია, რომელიც ძალაუფლების დაუფლებას შეძლებდა. „ლელოც“ ასეთი ძალისხმევის მორიგი მაგალითია. გასაგებია, რომ მოსახლეობის ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს ამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს. ოპოზიციურ ძალებს შორის ერთობა ხშირად კარგი ტაქტიკაა, მაგრამ ამის მიღწევაც ძნელია, რადგან პარტიების სხვადასხვა ლიდერებს, რომლებმაც შეიძლება, შექმნან ძლიერი კოალიცია, პრობლემები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ დათმონ საკუთარი ინტერესები საერთო წარმატებისთვის. ოპოზიცია საუბრობს მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე, ამ ძალისხმევამ შესაძლოა იმუშავოს, მაგრამ ჯერ უცნობია, გააკეთებენ თუ არა ამას“, – აცხადებს ჰერბსტი „აქცენტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ საარჩევნოდ წარმოდგენილი კანდიდატების დაკვირვებასა და ანალიზში უფრო მეტი დრო უნდა დახარჯოს:

„რომ შევაჯამოთ, მიუხედავად ბოლოდროინდელი პრობლემებისა, საქართველო დემოკრატიად რჩება. ძალიან ბევრი უნარიანი პოლიტიკოსია ოპოზიციურ პარტიებში. ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ იმის პროგნოზირებაზე, რას გააკეთებენ ისინი მომავალში და მეტი დრო – დაკვირვებასა და ანალიზში, თუ როგორი კანდიდატები არიან ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოდგენილნი“.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩვენების გამართვა 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. მიმდინარე წლის 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ქვეყნის ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ე.წ. ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა ვერ შეძლოს. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად „პოლიტპატიმრების – ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას" გათავისუფლებას ასახელებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ. 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა, ხოლო რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ოპოზიციის თქმით, თუ რურუა არ გათავისუფლდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.