ბესელია – ღრაიბაშვილს: „გუნდს უწოდებთ მათ, ვინც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა?“
12/06/2020 11:55:45 პოლიტიკა
პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, უქმნის თუ არა უხერხულობის განცდას, „ქართული ოცნების“ მიერ იმ ადამიანების დაწინაურება, "რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მუშაობდნენ და მათი ხელით ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა წინა წლებში".
„ბატონო ირაკლი, გამოირჩეოდით და გამოირჩევით ძალიან მკვეთრი, მკაფიო შეულამაზებელი პოზიციით წინა ხელისუფლების მიმართ. მართლა გულწრფელად მინდა გკითხოთ, არ გიქმნით დისკომფორტს და უხერხულობას, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრებიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა და ხოტბას ასხამდა, მის საარჩევნო შტაბს აფინანსებდა, აძლიერებდა და განსაკუთრებით იმ ადამიანების არჩევა ქართული ოცნების ხელით უვადოდ, ვინც იმ უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა ამ ქვეყანაში და ვისი ხელითაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება იმ წლებში. ის, რომ სწორედ ქართული ოცნების გუნდის მიერ მოხდა ამ ადამიანების დაწინაურება, ეს პირადად თქვენ ირაკლი ღარიბაშვილს დისკომფორტს და უხერხულობას მართლა არ გიქმნით?“, - კითხა ბესელიამ ღარიბაშვილს.


