კურტ უოლკერი: “ივანიშვილის და მედვედჩუკის გვერდიგვერდ დაყენება მთლად სწორი არ უნდა იყოს”
12/06/2020 13:55:21 პოლიტიკა
საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის გვერდიგვერდ დაყენება მთლად სწორი არ უნდა იყოს, - თვლის ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უკრაინის საკითხებში ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის საპატიო ექსპერტი კურტ უოლკერი.
«ეს ადამიანები ძალზე განსხვავებულები არიან, ძალზე განსხვავებული წარსულითა და კავშირებით. მაგალითად, ჩემი ხედვით, ბ-ნი ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს, ბ-ნი მედვედჩუკი კი ძალზე მჭიდრო კავშირშია ბ-ნ პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან – რედ.]. ამდენად, არა მგონია, ამ ჭრილში მათი გვერდიგვერდ დაყენება მთლად მართებული იყოს», - განუცხადა უოლკერმა «Пограничная ZONA»-ს აშშ-ის რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის დოკუმენტის კომენტირებისას, რომელშიც ივანიშვილი და მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის “ახლო მოკავშირეებად” არიან მოხსენიებულები.
დიპლომატის აზრით, ხსენებულ დოკუმენტში “არის ნაკლი საკითხის შესწავლის სიღრმის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს, რაკი ეს მოხსენება რესპუბლიკელი კონგრესმენების დამოკიდებულებასა და პოზიციას ასახავს. ამ თვალსაზრისით დოკუმენტი საყურადღებოა და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული”.
ამ კონტექსტში უოლკერი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ “ეს უნდა იყოს ყველაზე სუფთა და სამართლიანი არჩევნები, რაც კი ოდესმე გამართულა საქართველოში”:
“საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით დიდი შრომა გასწია. აუცილებელია, რომ ასე იყოს ახლაც და ოქტომბერში, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს არჩევნები უბრალოდ ვალდებულია, იყოს ყველაზე სუფთა და სამართლიანი, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა”.
რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს, უოლკერის შეფასებით, “დასავლეთი ძალიან ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე დასავლური დედაქალაქები გადაწყვეტენ, რომ უკრაინამ და საქართველომ მეტად აღარ უნდა იტანჯონ და მიიღებენ ამ ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”.


