
თბილისი კიევს სთხოვს, „დოკუმენტალურად წარმოადგინოს, სააკაშვილი რიგითი მოქალაქეა, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი პოზიციის მქონე ადამიანი"
12/06/2020 17:16:16 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩს სთხოვა, დოკუმენტურად წარმოადგინოს, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რიგითი მოქალაქეამ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციას იკავებს“.
„მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო დაკავშირებული საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, კერძოდ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან. ელჩის მხრიდან მოვისმინეთ, რომ იგი[სააკაშვილი] არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ის საერთოდ საჯარო მოხელეც კი არ არის, ამ დროს, თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილი დაინიშნა ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ არის დანიშნული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, რომ ის მანდატი, რაც არის მისთვის მინიჭებული, ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, ასევე, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც უკრაინის ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც თბილისში კონსულტაციებისთვის არის გამოწვეული, ზალკალიანი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება იგი კიევში.
მინისტრის თქმით, კონსულტაციების პროცესმა შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გასტანოს.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და უკრაინის ელჩი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დაიბარა. თავის მხრივ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება აქვს.