"მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში"
13/06/2020 08:11:31 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში არაფერი შეუძენია, ხოლოდ ავტომობილი იყიდა მეუღლისთვის. ამის შესახებ გახარიამ მისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„ერთ რამეზე შევთანხმდეთ – მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავი-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც ჩემს მეუღლეს შევუძინე. მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასოდეს ვერც ერთი მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში შევიძინე. ასევე, ჩემმა მშობლებმა მაგალითად გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი, აქ ეს ადამიანი იყო შემძენი. უბრალოდ უხერხულია. როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი, მერე ის ხდება პრობლემა, ცოტა დაფიქრდით. სადმე რამე კანონდარღვევა თუ არის, მოიტანეთ ფაქტები და დამთავრებულია“, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
მიის თქმით, დეკლარაციაში ყველაფერი დეტალურადაა ასახული:
„მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ. რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა, რასაც აკეთებთ.
ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მოსდევენ ამას ყველაფერს“.


