"მიხეილ სააკაშვილი ელემენტარულ ეთიკას არღვევს"
15/06/2020 12:25:15 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის ერთიან საარჩევნო სიაზე მუშაობა მიუღებელია, ვინაიდან ის ორპოლუსიანობას გაამძაფრებს.
„ერთიანი სიის შედგენა გაამძაფრებს ორპოლუსიანობას და მოსახლეობას კვლავ დააყენებს არაჩევანის წინაშე – ბიძინა, თუ მიშა, ასე გამოჩნდება საზოგადოების თვალში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, ერთიან სიასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ბურჯანაძე ამბობს, რომ ის დღეს უკრაინელი პოლიტიკოსია და უფრო სწორი იქნება, თუ უკრაინის პოლიტიკაზე კონცენტრირდება.
„უბრალოდ ელემენტარულ ეთიკას არღვევს, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ ერევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში. თუ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უნდოდა, მაშინ გუბერნატორად არ უნდა დაეწყო მუშაობა, უნდა დარაჩენილიყო საქართველოს მოქალაქედ და ამ შემთხვევაში სრული მორალური უფლება ექნებოდა, ნებისმიერი სახის განცხადება გაკეთებინა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა და შესთავაზა, ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.


