უკრაინაში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ

15-06-2020 22:16:28 სამართალი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ ინფორმაციის გადამოწმებისას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, თავდაპირველად სამართალდამცველებმა მსგავსი გეგმის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მუშაობის პროცესში კი კონკრეტულ პირზე გავიდნენ:

„შემდეგ ეს პირი საქართველოში გეგმის განსახორციელებლად წამოვიდა, უკრაინელებმა კი ამის შესახებ ქართელ კოლეგებს აცნობეს. თავის მხრივ ქართველები მას გარკვეული დროით აკვირდებოდნენ და შემდეგ დააკავეს ყალბ დოკუმენტებზე, რაც ვფიქრობ, რომ ნაადრევი იყო. ჯერ ოპერატიული მუშაობა იყო საჭირო და შემდეგ იმ მომენტში დაკავება, როდესაც მკვლელობის მზადების დამტკიცება იქნება შესაძლებელი. ახლა კი რამდენიმე თვე ეყოლებათ დაკავებული და შემდეგ მოუწევთ, გაუშვან“.

მისივე ცნობით, თავად უკრაინაში საქმის ირგვლივ დაკავებული არაავინაა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ქავთავარძეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სასახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი დააკავა. დაკავებისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოკოვის მიერ ნაქირავები ბინიდან ნარკორიკული საშუალებები და იარაღი ამოიღეს, თუმცა როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, გამოძიება რეალურად მას ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება. ბეკოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.

„მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკავების რეალური საფუძველი უკრაინაში დაწყებული გამოძიება გახდა.

„კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში. მისი დაკავების მიზეზი სხვაა, მაგრამ მთავარი, რაც უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან გახდა ცნობილი, ისაა, რომ ის გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით.

გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მის ტერიტორიაზე, ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნულის ორგანიზება ხდებოდა რუსეთიდან, კერძოდ, ჩეჩნეთიდან, ხოლო განხორციელება ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ“,– განაცხადა 15 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გვარამიამ.

გვარამია აღნიშნულს გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას უკავშირებს.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში საქართველოსთვის შეუტყობუნებლად მიმდინარეობდა, რადგან „საქართველო არაა სანდო პარტნიორი, როდესაც გამოძიება რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს“.

„ამდენად, დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის. როდესაც კორონაპანდემიის დროს კონტროლი მოიშალა, საქმე გამოუგზავნეს საქართველოს სამართალდამცველებს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიიღო. ჩათვალა, უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე და ეს მისასალმებელია. საბოლოო ჯამში, ეს მოქალაქე სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით იქნა დაკავებული“,– აღნიშნა გვარამიამ და მან სამართალდამცველებს ინფორმაციის განსაჯაროებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები