შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და რუსეთის დაკავებული მოქალაქის შესახებ

16-06-2020 14:07:04 სამართალი ,ანალიზი

შეკვეთილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოში 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ვასამბეგ ბეკოვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. სწორედ მსგავს სასჯელს ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვითაც მას ამ დროისთვის ბრალი აქვს წარდგენილი. საუბარია სსკ–ის 362–ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმბოს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეკოვს ინტერესებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი ნინო მიქატაძე იცავს.

ადვოკატთან საუბრისას გაირკვა, რომ დაკავებული არ ფლობს ქართულ ენას, თუმცა დამატებით კითხვებს, კერძოდ, როდის უფიქსირდება ბეკოვს საქართველოს საზღვრის კვეთა, ჰყავდა თუ არა სანაცნობო წრე ქვეყანაში, არის თუ არა მანამდეც ნამყოფი საქართველოში, თანამშრომლობს თუ არა გამძიებასთან, რა სახის დოკუმენტის გაყალბებას ედავება გამოძიება – პირადობის დამადასტურებელის თუ სხვა – ადვოკატი არგუმენტით, რომ კითხვები საქმის მასალებს ეხება, ხოლო თავად გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი, „აქცენტს“ არ პასუხობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძვლად გამოყენებულ მტკიცებულებებს დაბალ სტანდარტად აფასებს, ჯერ არაა ჩამოყალიბებული, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით.

ბეკოვის შესახებ ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებამდე ის პანკისის ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის ოჯახში იმყოფებოდა და მოგვიანებით იქ ჩხრეკაც ჩატარდა. ხანგოშვილის თანახმად, ბეკოვი ხეობაში რამდენჯერმე ჩავიდა.

„ამ ორ თვეში რამდენჯერმე იყო აქ ჩამოსული. ვკითხე, რატომ იყო აქ, რას საქმიანობდა. ბიზნესი მაქვს, უკრაინიდან ვარ, საზღვრები რომ ჩაიკეტა, ვერ ჩავედიო, მითხრა. ის შუამავლის როლს ასრულებდა საკობიანოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. როცა ვნახულობდი, ამ კუთხით ვეკითხებოდი, რაღაც ძვრები არის, კარგად დამთავრდებაო, მეუბნებოდა. ჩემ შვილთან კონტაქტი ჰქონდა, მოდიოდა, 3-4 ჯერ მოვიდა მაქსიმუმ, მოვიდოდა, ისადილებდა და წავიდოდა.

გუშინწინ, როცა აჰმედი აქ ჩამოსული იყო, ღამე 12-ის ნახევარზე წავიდა, შვილმა მითხრა, თბილისამდე გავაცილებ და მოვბრუნდებიო, მითხრა რომ უკრაინაში მიდიოდა. არანაირი საქმიანი ურთიერთობა ჩემ შვილს [გედიშ ხანგოშვილი] მასთან არ ჰქონია“,– განახადა ხანგოშვილმა 13 ივნისს.

„აქცენტის“ ინფორმაციით, გედიშ ხანგოშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა და გამოკითხვის შემდეგ გათავისუფლდა.

15 ივნისს „მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ბეკოვის დაკავების რეალური მიზეზი არა ყალბი დოკუმენტები, არამედ ლიკვიდაციის გეგმა გახდა. კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იგეგმებოდა ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. გეგმის კოორდინირება ხორციელდებოდა უკრაინიდან, ხოლო აღსრულება საქართველოში უნდა მომხდარიყო. გამოძიება თავდაპირველად უკრაინაში ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

15 ივნისს მსგავსი გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია „აქცენტს“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ ინფორმაციის გადამოწმებისას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, თავდაპირველად სამართალდამცველებმა მსგავსი გეგმის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია – 2019 წელს, მუშაობის პროცესში კი კონკრეტულ პირზე გავიდნენ:

„შემდეგ ეს პირი საქართველოში გეგმის განსახორციელებლად წამოვიდა, უკრაინელებმა კი ამის შესახებ ქართელ კოლეგებს აცნობეს. თავის მხრივ ქართველები მას გარკვეული დროით აკვირდებოდნენ და შემდეგ დააკავეს ყალბ დოკუმენტებზე, რაც ვფიქრობ, რომ ნაადრევი იყო: ჯერ ოპერატიული მუშაობა იყო საჭირო და შემდეგ იმ მომენტში დაკავება, როდესაც მკვლელობის მზადების დამტკიცება იქნება შესაძლებელი. ახლა კი რამდენიმე თვე ეყოლებათ დაკავებული და შემდეგ მოუწევთ, გაუშვან“.

15 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა, რომ დაკავება შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

16 ივნისს ყოფილმა სამხედრომ ვანო ნადირაძემ „მთავარ არხს აცნობა, რომ მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი უკრაინის უშიშროების გენერლის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი.

მისი ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი ჰქონდა აღებული.

შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს.

“მას ჰქონდა დავალებული ადამ მუსაევის მკვლელობა. ადამ მუსაევი ერთ-ერთი პატრიოტი ჩეჩენია, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევს კადიროვს და პუტინს. სწორედ გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი გაბუნიაზე მზადდებოდა თავდასხმა”, – განაცხადა ვანო ნადირაძემ.

მართალია, ამ ეტაპზე მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა თავად ვერსია დამაჯერებელია კავკასიოლოგ გიორგი კანაშვილისთვის.

„თუ კითხვას დავსვამთ, რამდენად ჯდება მსგავსი ტაქტიკა კადიროვის ხელწერაში, გიპასუხებთ, რომ სავსებით. მოტივიც გასაგებია – შურისძიება. მხოლოდ ბოლო წელიწადნახევარი რომ ავიღოთ, რამდენიმე ბლოგერზე და ჟურნალისტზე განხორციელდა თავდასხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ზელიმხან ხანგოშვილის [2019 წლის აგვისტოში გერმანიაში მოკლეს] საქმე. მასშტაბების თვალსაზრისით, ტუმსოს [ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი, რომელსაც თავს ევროპაში დაესხნენ] თუ ზელიმხანის აქტივობა იმდენად გამაღიზიანებელი არ იყო მათთვის [რუსული მხარისთვის], რამდენადაც გაბუნიას ქმედება [პირდაპირ ეთერში აგინა კრემლის ლიდერს]. ამდენად, დასახელებული ვერსია ძალიან რეალისტურია და ჩემში ეჭვებს არ იწვევს. არაერთი ფაქტია, თუ როგორ ექცევიან მათ, ვინც კადიროვზე ან ჩეჩნეთზე მათთვს რაიმე არამოსაწონს იტყვის. ამ პროცესს უზარმაზარი მასშტაბები აქვს მიღებული: ჩინოვნიკებს ბოდიშებს ახდევინებენ, ხალხი ქრება და ა.შ. ამდენად ეს არ არის სახუმარო ამბავი“,– განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ქართული სახელმწიფო უწყებები არ მოიქცნენ ისე, როგორც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში.

ინფორმაციისთვის: ქართულ მხარეს საკუთარი მოქალაქის მკვლელობის საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა გამოძიებამ რუსი სპეცსამსახურების კვალი გამოკვეთა და დიპლომატის სტატუსის მქონე ორი პირი ქვეყნიდან გააძევა, პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

„ახლა ჩვენი სტრუქტურების მხრიდან ღიაობა მნიშვნელოვანია და არა სანახევრო ინფორმაციიის გავრცელება. მეორეს მხრივ – ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოიქცნენ ისე, როგორც ეს ზელიმხანის შემთხვევაში მოხდა: წაყრუება აშკარა უსუსურობის დემონსტრირებაა.

თუ მკვლელობის შეკვეთის ფაქტი დადასტურდა, აშკარა მინიშნებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეშვას ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკას. რას ვიღებთ გაჩუმების სანაცვლოდ? ეკონომიკურ თანამშრომლობას? თუ კი, ეს ცალმხრივი ბენეფიტი არ არის, რისკები ახლავს თან. გარდა ამისა, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიური პოლიტიკაა გასააქტიურებელი და რატომ ვამბობთ ამაზე უარს, გაუგებარია. ახლოვდება არჩევნებიც და რისკებზე მსჯელობა, თუ აქამდე არაა დასწყებული, ახლა უნდა დაიწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. გაირკვა, რომ რუსეთი ამერიკულ არჩევნებში ერეოდა და ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რამდენი ბერკეტი აქვთ? ამიტომ, ამ გამოწვევას საქართველო მომზადებული უნდა შეხვდეს“,– დასძენს კავკასიოლოგი.

ვერსია დამაჯერებელია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვისაც:

“შარშან, გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა, „მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო“. ის იყო ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა. უბრალოდ, თავის ლოგიკური დასკვნა გამიზიარა, „ასე მარტივად ეგეთი რაღაცეები არ მთავრდებაო.”

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისის მოვლენების – „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა და გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.

საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა რამზან კადიროვმა, რომელიც ჟურნალისტისადმი მუქარას შეიცავდა.

"ნაგავი და არამზადა! მხოლოდ ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. ის არ არის არც კავკასიის შვილი, არც მამაკაცი, არც მთიელი. კავკაციაში მამაკაცი ასეთ სიტყვებს მოსისხლე მტრის მიმართაც კი არ წარმოთქვამს,– წერდა კადიროვი.

წერილში კადიროვი გაბუნიას ლაჩარს უწოდებდა და ამბობდა, რომ მისი საქციელი ქართველი ხალხის სირცხვილია, ხოლო მომხდარის ერთი ჟურნალისტის "გამოხტომისათვის" მიწერა არასწორია:

"ყველაფერი ისე მოხდა, როგორც არხზე ჰქონდათ ჩაფიქრებული და შესაძლოა „რუსთავი 2“-ის კედლებს გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბუნიას ეთერიდან პირველივე წუთებში გათიშავნდენ."

კადიროვის თქმით, შეურაცხყოფა მიადგა არა რუსეთის პრეზიდენტს, არამედ რუს ხალხს და ამის გამო საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოუხადონ როგორც პუტინს, ასევე რუსეთს, ხოლო გაბუნიას წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას:

"ჩვენ მუდმივად ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს ვერ ვამჩნევთ, რომ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან ხაზგასმით მტრულ გამოსვლებს. ამიტომ აუცილებელია ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთის მოქალაქე ქართველებს არ შეეხებათ... შეუძლებელია არხის ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს მხრიდან კარგად დაგეგმილ საზიზღარ აქციად, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 დღის შემდეგ ყველა გზა და ბილიკი უნდა დაიკეტოს საქართველოდან და საქართველოსკენ.

მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს. გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს".

გაბუნიას გინება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის განხილვის მიზეზი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები