"ჟურნალისტის მიმართ ანგარიშსწორების უფლებას ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ“
16/06/2020 11:11:05 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და აცხადებს, რომ უწყებამ, სავარაუდოდ, საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება აღკვეთა. ასე გამოეხმაურა თალაკვაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეს.
"ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, გამოძიება, რომელიც გრძელდება, აუცილებლად დაადგენს, ვის ინტერესებში იყო დანაშაულის ორგანიზება:
"[დანაშაული] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული „ბოროტი განზრახვა არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო“:
„ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა. ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანის მიმართ, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო“.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს დააკავა, არხის წამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.
გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ტელეკომპანიის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და გაბუნიას სიტყვები გააპროტესტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცათ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".
იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ


