„ფაქტია, რომ წინ რაღაც ახალი ტურბულენტობა გველის“
16/06/2020 12:10:27 პოლიტიკა
მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, აწ უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს საარჩევნო თარიღის შეცვლის შესახებ საუბარი შემთხვევით არ დაუწყიათ და სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამ განზრახვას კონსტიტუციაშიც ასახავს.
დამოუკიდებელი დეპუტატის მოსაზრებით, ეს იქნება 8 მარტის შეთანხმების საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების დროს მსგავსი შესაძლებლობა განხილული არ ყოფილა.
„8 მარტის დოკუმენტში ყველა საკითხი, რომელთაც ფარავს საკონსტიტუციო ცვლილებები, დეტალურად არის განსაზღვრული, აი, ამ სიას არც არაფერი უნდა დაემატოს და არც არაფერი მოაკლდეს. ჯერ არ ჩანს, რატომ დაიწყო ეს დისკუსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ახალი ტურბულენტობა გველის წინ, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახლა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება, შესაძლოა ხელისუფლებას კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ჰქონდეს განზრახული.
პარლამენტის კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმედს იქონიებს, რომ არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა ძალაუფლების უზურპაციის მოდელად იქნება მიჩნეული.


