
აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი უჭერს მხარს
16/06/2020 13:30:40 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ ქონავეიც უჭერს მხარს. იგი წარმომადგენელთა პალატაში ტეხასის შტატის მეთერთმეტე ოლქს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელი კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან მარკვეინ მულინმა საქართველოში ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევაში ქვეყნის მთავრობისთვის სანქციების დაწესება 2019 წლის თებერვალში მოითხოვა.
მოგვიანებით, აშშ–ში საქართველოს საელჩომ „აქცენტს“ განუცხადა, რომ მარკვეინ მულინის თბილისის მიმართ სანქციების კანონპროექტი კომპანია „ფრონტერას“ (ტეხასში დაფუძნებული კომპანია) მიერ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირდება.
ცნობისთვის: 2016 წელის თებერვალში ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „ფრონტერა“ საქართველოში, ახმეტაში, გაზის აღმოჩენის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ტყუილში დაადანაშაულა და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ "ფრონტერამ" გაზის მარაგების აღმოჩენაზე განცხადება 2016 წლამდეც არაერთხელ გააკეთა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას არც მაშინ წარუდგენია, რის გამოც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერა" დააჯარიმა. "ფრონტერამ" ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და კომპანიას მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა დაავალა, რომელიც ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, "ფრონტერას" არ წარმოუდგენია. საქმის განხილვა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა. 2020 წლის 21 აპრილს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერას" წინააღმდეგ დავა მოიგეს.
"გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა", – ნათქვამია "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
7 მაისს კორპორაციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ დავის მოგების მიუხედავად, „ფრონტერა“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს“.