ოპოზიცია – კადიროვის მორიგ მუქარაზე: „ტერორიზმის საფრთხე მაღალია!“
17/06/2020 07:14:08 პოლიტიკა
ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ხელისუფლებისგან ჟურნალისტის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზებას მოითხოვს, ვინაიდან მათი შეფასებით, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე მაღალია.
„ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია. ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებითაც, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა გააკეთა. ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეაქცია, მათ შორის, ამ საკითხზე სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი უნდა იყოს, რადგან ეს არის არათუ ქვეყნის საქმეში ჩარევა (რუსეთისგან ეს არავის უკვირს), არის კონკრეტული მიზანი – ადამიანის მკვლელობა“,– განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა.
„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციას არასაკმარისად აფასებს.
„ეს [საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება] არის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია და არა ის წყალ–წყალა განცხადებები, რაც გუშინ გააკეთა: გახარია არაფერს ამბობს, უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი – ოხანაშვილი [იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე] ამბობს, რომ ვიღაც პროვოკაციას გეგმავდა, პრეზიდენტი საუბრობს პროვოკაციაზე. რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან საგანგაშოა. არ ვიცი, ამათ [მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა] შიშისგან ჩაისვარეს, თუ რა ხდება, მაგრამ ეს არასწორია: მხდალი და მშიშარა პრემიერ–მინისტრი არავის სჭირდება“.
ანა დოლიძე ფიქრობს, რომ საქმე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში უნდა განვიხილოთ:
„ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა განვიხილოთ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ფართო კონტექსტში: რუსეთი ცდილობს და მომავალშიც ეცდება, რომ საქართველო თავის ორბიტაზე დაიტოვოს და ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი. ნატო–ში აშშ–ის ელჩი არ უნდა გვასწრებდეს განცხადების გაკეთებას რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში. განცხადებები, რომელიც გაბუნიას თემაზე გაკეთდა, ნელ–თბილი შეფასებებია“.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:
“ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀
ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!
დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ


