არასამთავრობოები: „ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს“
17/06/2020 08:31:30 პოლიტიკა
17 არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს.
„საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვეხმიანებით 15 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა. კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, უწყება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გაბუნიას ლიკვიდაციასთან კავშირზე პირდაპირ არ საუბრობს, მაგრამ არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.
ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ე.წ. ბორდერიზაციის გზით, რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მხრიდან პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები.
ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუფარავად მოქმედებენ რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები. რუსული რბილი ძალიდან მომდინარე საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ხაზს უსვამს თავის ანგარიშებში. ამ ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.
მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
თხოვნით მივმართავთ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „საზოგადოება და ბანკები“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაერო-ს ასოციაცია“, „საფარი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მწვანე ალტერნატივა“, ცენტრი „ემპათია“.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:
“ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀
ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!
დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”.


