Accentnews.ge
ვოლსკი: "ვერ შევცვლით კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას"

ვოლსკი: "ვერ შევცვლით კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას"

17/06/2020 10:25:48 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულების გრძელ სიაში. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მან „აბრაგული“ უწოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის უკანასკნელ განცხადებას, რომელიც ასევე მუქარას შეიცავდა.

"სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულების იმ გრძელ სიაში, რომელიც სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები - აბრაგულ, ვაჟკაცურ, დიდაქტიკური. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას,"- აღნიშნავს ვოლსკი.

ვოლსკის ჰკითხეს, მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხზე საუბრისას რუსეთს რატომ არ ახსენებენ.

"ახლა ვილაპარაკე პუტინზე, კადიროვზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დანაშაულებრივ განცხადებებზე და ყველაფერზე. გამოძიება მიმდინარეობს და მეტი ინფორმაცია გვეცოდინება. რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს!"- განაცხადა პასუხად დეპუტატმა.

მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა რუსეთის ინტერესებში შედის და ამაში მისი მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობაა":

"შეკვეთილი მკვლელობა არის საშინელება, უმძიმესი დანაშაული, მაგრამ რეალურად, ეს ხომ არის გათვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რაც არ უნდა აგრესიული იყოს და არის, იმუქრება საქართველოსთან მიმართებაში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ, გაბუნიას და მისი გაქრობა უნდა. თუ ეს დადასტურდა, ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მომხდარიყო ეს ფაქტი, მერე გენახათ თქვენ. სულ არ აინტერესებს იმას არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“, აინტერესებს დესტაბილიზაცია და ამაში რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს. ის ამაში მისი ბუნებრივი მოკავშირეა თავის ქმედებებით და საქციელით".

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:

“ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀

ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!

დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S