Accentnews.ge
სანიკიძე  – გაბუნიას საქმეზე: „ხელისუფლება სამმხრივ ალყაშია“

სანიკიძე  – გაბუნიას საქმეზე: „ხელისუფლება სამმხრივ ალყაშია“

17/06/2020 16:43:52 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება სამმხრივ ალყაშია.

„შაიტანოვის [უკრაინელი გენერალი] აგენტურული ქსელის ჩავარდნაში უკრაინელებს დასავლელი პარტნიორები მიეხმარნენ (არსებობს ინფორმაცია, რომ ამერიკელები და ბრიტანელები). შაიტანოვის დაჭერის შემდეგ გახდა ცნობილი უკრაინელი სპეცსამსახურებისთვის გეგმა, რომელიც გიორგი გაბუნიასთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, ეს რუსული სპეცსამსახურების ერთ–ერთი სერიოზული ჩავარდნა იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ამას კიდევ ბევრი კუდი გამოებას – შაიტანოვი კიდევ ბევრ რამეს მოყვება. ამიტომ, ბევრ რამეს ველით. საქართველოს ხელისუფლბა კი სამი მიმართულებით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – სამმხრივი ალყაა: პირველი ალყა ქართული საზოგადოებისგანაა – პასუხს ვითხოვთ, შედეგი უნდა დაიდოს. მეორე მხარე, რომელიც როგორც ჩანს, სერიოზულად იქნება ამ საქმეში ჩართული, ეს არის დასავლეთი, მისი მედია, სპეცსამსახურები და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რახან შაიტაბნოვი იქნა დაჭერილი, დასავლეთი საქმეში ჩართულია. მესამე თემა, ალბათ ყველაზე სახიფათო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მუხლებში შიშსაც უყენებს, არის ის, თუ რა პასუხს გასცემენ პუტინს: რუსები ალბათ იზრუნებენ, რომ დაკავებული როგორმე გაიყვანონ. თუ ამ პირის ექსტრადაცია მოხდა, ეს პირდაპირი დასტური იქნება, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცი“,– განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S