Accentnews.ge
გაბუნია კადიროვს პასუხობს

გაბუნია კადიროვს პასუხობს

17/06/2020 18:22:18 პოლიტიკა

მუხლებზე დაჩოქილს ვერ მნახავს, ვერც კადიროვი და ვერც მისი პუტინი! - ასე პასუხობს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მორიგ მუქარას.

„მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე, მუხლებზე ხოხვაზე და ა.შ –ლაპარაკიც ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ! პოზიცია ზუსტად ისეთი მაქვს, მეტიც, რაც მაშინ ვთქვი პუტინზე, მეტის თქმაც შეიძლებლოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი, აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე“ ,– აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

წუხელ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში უპასუხა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:

"ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀

ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!

დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S