ვოლკერი – გაბუნიას საქმეზე: „ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო გაავრცელებდა საპროტესტო ნოტას“
17/06/2020 18:31:33 პოლიტიკა
ამერიკელი ანალიტიკოსი კურტ ვოლკერის განცხადებით, „ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო გაავრცელებდა საპროტესტო ნოტას და დაგმობდა შეკვეთილ მკვლელობას საკუთარ მოქალაქეზე". ამის შესახებ ანალიტიკოსმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ახლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი მუქარისშემცველი განცხადებები.
„რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების აგრესიული ოკუპაცია, გრძელდება მუდმივი წნეხი, კორუფცია, დეზინფორმაცია ბორდერიზაციის თაობაზე. სულ ბოლო შემთხვევა კი ნამდვილად პრობლემურია, რადგან ეს არის ღიად მტრული საფრთხე, რომელიც საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგაა მიმართული. ეს სრულიად მიუღებელი შემთხვევაა და ეს უნდა დაგმოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ რუსეთმაც. ჩემი შეფასებით, ამას კადიროვი აკეთებს იმიტომ, რომ ის პირადად იყო იმით შეურაცხყოფილი, რაც ჟურნალისტმა თქვა და თან ალბათ, ფიქრობს, რომ პუტინი ამას მოიწონებს. იტყვიან, რომ კადიროვი თავის ღირსებას იცავს. ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია შიდა გადაადგილებებთან რუსეთში და ეს მაშინ, როცა საერთაშორისოდ პუტინზე დიდი წნეხია, მისი პირადი რეიტინგი დაცემულია“,– განაცხადა „მთავარ არხის“ ცნობით, კურტ ვოლკერმა.
ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.
გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
წუხელ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ბოლო დღეებში მისი სახელის ირგვლივ საქართველოში აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში უპასუხა და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებს ხისტი წერილით მიმართა:
"ახლა მედიასაშუალებები ერთმანეთს ასწრებენ ერთი შეუმდგარი ქართველი ჟურნალისტის განცხადებების ციტირებას. [გიორგი გაბუნია] ირწმუნება, რომ მასზე თავდასხმა მზადდებოდა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი.⠀რეალურად, საერთოდ არ მაინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები. ისინი უხეიროდ ცდილობენ საინფორმაციო ველში საკუთარი თავის წარმოჩენას, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ღრმად ითრევთ მორევი.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ცარიელია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ოდესღაც წარმატებულად განვითაებად ქვეყნებს დღეს მართავენ ადამიანები, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრონ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ.⠀
ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე თავდასხმას აპირებდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს, ხოლო თუ ამოცანა ჩუმად აქვს შესასრულებელი, მაშინ ამას არავინ შეიტყობს და მით უფრო თქვენი – სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები! თანაც ეგ თქვენი მოლაყბე, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად პოზიციონირებს და ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედიასაშუალება მას პანღურით აგდებს რედაქციებიდან.⠀თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, მაშასადამე პირადად მეც. როგორც ადრეც ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას. მას კი რეკომენდაციას ვაძლევ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონება მოიწესრიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, იგი ჩემს მტრად დარჩება.⠀
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელმაც, როგორც ირწმუნებიან, გადასცათ ინფორმაცია თავდასხმის დამკვეთის შესახებ, მინდა, ვურჩიო მას, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არ ახითხითოს ხალხი. მსგავსი გზავნილები მტკიცებულებათა ბაზის დართვით მაინც ავრცელეთ. ბოლო წლებში თქვენ ისედაც მხოლოდ ჩემი სახელით თუ იპიარებთ თავს. ვერანაირად ვერ გამოგდით მუშაობა საკუთარ ხალხთან, შედეგად პერიოდულად თავს გვახსენებთ ჩემი სახელის გამოყენებით. სხვათა შორის, ამმხრივც ვალი გაქვთ ჩემს წინაშე!
დრო მოვა - მოგკითხავთ. აუცილებლად!”


