
უტიაშვილი საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილ მკვლელობებს იხსენებს
17/06/2020 19:06:33 საგარეო პოლიტიკა
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილ მკვლელობებს იხსენებს, რომელთა აღკეთაც შესაძლებელი გახდა.
უტიაშვილი საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „რუსეთი ხშირად ამ მეთოდებით „ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობს“.
„ალბათ, ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო მკაფიო შემთხვევა იყო 15 წლის წინ კობა დავითაშვილის მკვლელობის მცდელობა. მაშინ დავითაშვილი ქართულ ოპოზიციაში ყველაზე უფრო ცნობილი და რეიტინგული ლიდერი იყო და სააკაშვილსა და დავითაშვილს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური დაძაბულობა გახლდათ, არამედ, როგორც ჩანს, პირადი ურთიერთობაც გაფუჭდა. როგორც მოგვაინებით დავადგინეთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიქირავეს საქართველოში დაბადებული და შემდეგ რუსეთში წასული „კილერი“ – რუსი ეროვნების. მას დავითაშვილის ლიკვიდაცია დაავალეს. ამ პირმა დავითაშვილის თვალთვალი დაიწყო, აკონტროლებდა გადაადგილების მარშრუტს და სრულიად შემთხვევით, დავითაშვილის მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა. ამ კონფლიქტს პოლიციის ჩარევა მოჰყვა, შემდეგ ვიპოვეთ იარაღი, სხვა საშუალებებით დავადგინეთ ამ კაცის ვინაობა და დავადგინეთ, როგორ და ვისი დავალებით იყო შემოსული. რუსებმა გადაწყვიტეს, რომ თუ დავითაშვილის ლიკვიდაცია მოხდებოდა, დიდი ალბათობით, მოსახლეობის ნაწილი მაინც და საერთაშორისო პარტიორები ამას დააბრალებდნენ სააკაშვილს, რუსეთი მიიღებდა სააკაშვილის დასუსტებას და საქართველოში პოლიტიკური ვითარების მკვეთრად დაძაბვას. მაშინ შემთხვევითობამ გადაგვარჩინა.
მეორე შემთხვევა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალურია, არის 7 ნომებრის [2007 წლის] შემდეგ მიღებული ინფორმაცია. მაშინაც ვითარების კიდევ უფრო გამწვავების მიზნით გადაწყვიტეს გიორგი თარგამაძის ლიკვიდაცია. ასეთი დავლება ცხინვალში მიიღეს ვიღაცეებმა. მაშინ ეს დროულად გავიგეთ“,– განაცხადა „ფორმულას“ ეთერში შოთა უტიაშვილმა.
ინფორმაცია დაადასტურა თავად ტელეწამყვანმა გიორგი თარგამაძემ და განმარტა:
„საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდზე – ნომებერზე. 7 ნოემბერი მომხდარია, ტელევიზია დარბეული და დახურულია, ჩვენ ვიბრძვით, რომ ხელახლა გავიდეთ ეთერში, დაძაბულობა მაღალია საზოგადოებაში. ბუნებრივია, რომ ამ მომენტში ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან ხელისუფლების მისამართით უნდობლობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო და ამ დროს მომდის შსს–დან შეტყობინება, სურვილი გასაუბრების, რომლებმაც შემატყობინეს, ცხინვალიდან მართვადი ერთი თუ ორი ჯგუფის შესახებ, რომელთაც ჩემი მოკვლა ჰქონდათ დავალებული. მაშინ სახელმწიფო დაცვაზე უარი ვთქვი და დროის იმ მონაკვეთში დაცვა ტელეკომპანია „იმედმა“ უზრუნველყო“.