ნაზი ჯანეზაშვილი: "ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს"
18/06/2020 06:49:51 პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრ ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, დღეს ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კი კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.
„როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!
როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- დაწერა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ნაზი ჯანეზაშვილი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რომელ პოლიტიკოსებთან ერთად აპირებს ანა დოლიძე დღეს ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერას.



