
CNN: "ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მე–10 წლისთავზე ტრამპმა მას რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადების გავრცელების უფლება არ მისცა"
18/06/2020 08:55:13 საგარეო პოლიტიკა
"აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის მე–10 წლისთავზე მას არ მისცა უფლება, რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადება გაევრცელებინა", – იუწყება CNN ჯონ ბოლტონის მემუარებზე დაყრდნობით.
CNN–ის ინფორმაციით, ბოლტონი ასევე წერს, რომ "დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა".
CNN–ის ცნობით, წიგნში ასევე ნათქვამია, რომ როდესაც აშშ-მა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ტრამპს ამ შეზღუდვების გაუქმება სურდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მოპყრობა ვლადიმირ პუტინის მიმართ ზედმეტად ხისტია.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს "მატყუარა" უწოდა და განაცხადა, რომ "ყოფილი მრჩევლის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომლებიც მედიამ გაავრცელა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს".