„ვგეგმავთ, კონსულტაციებით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების დროს დაიცავს მოქალაქეებს კოვიდინფექციისგან“
18/06/2020 12:54:29 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესებზე.
მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე მონახაზი უკვე არსებობს.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებზე ხედვა გაუზიარეს.
„ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ ასევე მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და ასევე, რასაკვირველია, უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


