„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხანგოშვილის საქმეზე ხელისუფლების დუმილი გამაოგნებელია
18/06/2020 15:09:38 პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „მოიქცეს ისე, როგორც საკუტარი თავის პატივისმცემელ ქვეყანას შეეფერება, როდესაც მოქალაქეს უკლავენ“.
პარტიის წევრ გიორგი კალნდელაკის თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მთავრობას მოიხსენიებს როგორც „პრორუსულს“.
„გერმანიის ფედერალური პროკურატურა პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციას და მთავრობას საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გააკეთა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად. „ევროპულმა საქართველომ“ აქამდეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მაშინ, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა არის აღშფოთებული და შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის მკვლელობით, იმის გათვალისწინებით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დამსახურებული ადამიანი იყო საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, გამაოგნებელია.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოიქცეს ისე, როგორც უნდა მოიქცეს თავისი თავის პატივისმცემელი ქვეყანა, როდესაც მის მოქალაქეს ასე კლავენ“,- განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, „ანარანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას თავის განცხადებაში მოიხსენიებს როგორც პრორუსულს“.
18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.
ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.
გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განმარტებით, მას ესმის გერმანიის პროკურატურის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.
„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება“, – განაცხადა ელჩმა.
ოფიციალურ თბილისს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.


