
გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ბოდიშს და „დამნაშავეების“ დასჯას ითხოვს
20/06/2020 12:01:27 საგარეო პოლიტიკა
20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის შემდეგ რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი "ფეისბუკში" პირად გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ "საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს და საბოლოოდ აღკვეთს რევანშისტული ძალების სახელმწიფოს გადატრიალების გეგმებს".
"შეაჩერებს მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების გზით წავიდა და აქციების დროს ანტიმართლმადიდებლურ ლოზუნგებს იყენებდა“, –აცხადებს გავრილოვი.
მას მიაჩნია, რომ "ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანი პირობაა პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად" და, ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „დასაჯოს დამნაშავეები“:
„ბინძურ პროვოკაციაში მონაწილე დამნაშავეებმა, რომელთა მიზანი ჩვენი ურთიერთობების დანგრევა იყო, პასუხი უნდა აგონ და დაისაჯონ. ბოდიშიც მოსახდელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, როგორ აღვადგენთ ურთიერთობებს“.
ცნობისთვის: გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.