
ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
20/06/2020 14:50:30 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე დოკუმენტს 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ 119-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 37-მა კი, თავი შეიკავა. საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი იყო.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის მინიჭებას, თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას შეუძლია, დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის კარგად უნდა იყოს მომზადებული, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყანა, ისე თავად ევროკავშირი. ეტაპობრივი ინტეგრაციის გზაზე, პირველი ნაბიჯი ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმებების შესრულება უნდა იყოს", – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, ინდივიდუალურად შესთავაზონ გაფართოებული თანამშრომლობის სტრატეგია სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვება ინტეგრაცია „ოთხი თავისუფლებით“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.
ამასთან, ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, გაზარდოს ფინანსური დახმარება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება უნდა მოერგოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების სპეციფიკურ საჭიროებებს.
"უფრო მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობისა და ფინანსური დახმარების მიღებისთვის მთავარი კრიტერიუმები და პირობებია ქმედითი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონს უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო რეფორმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის", – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის წევრები გმობენ რუსეთის, როგორც აგრესორის ქმედებებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრიდან ხუთს გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვს.
„ამ კონფლიქტებიდან უმეტესობაში რუსეთი აგრესორის აქტიურ როლს ასრულებს, რა დროსაც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის, კიბერთავდასხმების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პოლიტიკას. ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და ყველა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უცხოური ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ევროკავშირის წევრებმა რუსეთთან მიმართებით უფრო მეტად კოორდინირებული პოლიტიკა უნდა გაატარონ", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს მოუწოდებენ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ფორმები შესთავაზოს.
ევროპარლამენტარები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკავშირმა ყირიმსა და დონბასში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.