ვინ როგორ გამოეხმაურა ბიზნესიდან გავრილოვის ვიზიტს 2019 წლის 20 ივნისს
20/06/2020 15:23:51 პოლიტიკა
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სავარძელში ჩამჯდარი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხილვას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი იმდენად მყისიერი და ბუნებრივი იყო, რომ სულ მალე საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. 20 ივნისი ქართულ საზოგადოებაში ერთგვარ წყალგამყოფადაც იქცა. ამ დღემ აჩვენა რამდენად მრავალმხრივი და საყოველთაო შეიძლება იყოს პროტესტი ეროვნული ღირსების შელახვის გამო. 20 ივნისს მოჰყვა ასევე უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი: სამოქალაქო და ეროვნული ღირსებისთვის ბრძოლა პოლიტიკური ლიდერების გარეშე.
პროტესტმა ერთიანად მოიცვა და გააერთიანა ახლაგაზრდები,სტუდენტები,სხვადასხვა სფეროს,ასაკის,პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები.ისინი ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის შენობაც და ქვეყანაც. ყველაზე მოზომილი სეგმენტის - ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც კი ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციებს.
ერთ-ერთი პირველი ამ სფეროდან, რომელსაც მყისიერი რეაქცია ჰქონდა გავრილოვის პარლამენტის შენობაში ყოფნაზე, ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი იყო.რომელმაც თავის "ფეისბუქ"-ის პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა: "არასდროს მაინტერესებდა პოლიტიკა და შეძლებისდაგვარად მუდმივად ვცდილობ, გავმიჯნო პოლიტიკა ბიზნესისგან, თუმცა ამავდროულად, გულწრფელად მჯერა, რომ ყველა საქმიანობის მამოძრავებელი ძალა, არის თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული. ეს ორი რამ უნდა ედოს ყველაფერს საფუძვლად და უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა. სამოქალაქო პოზიცია პოლიტიკა კი არა, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, ამიტომაც, დღეს, უბრალოდ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად ვთვლი დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
მანამ, სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის 20%, მე როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს არ მსურს და არ მინდა, ჩემი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ხილვა“, -ბიზნესმენი ასევე წერდა,რომ გულანთებული ახალგაზრდების მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტი არ უნდა იყოს გამოყენებული გაკოტრებული და პროვოკატორი პოლიტიკოსების პოლიტიკური მიზნებისთვის.
მოგვიანებით ბიზნესიდან თავის აღშფოთება დააფიქსირა, "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემაც.
ასევე TBC-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. პოლიტიკოსების უმრავლესობამ, ასევე თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც.
ახალგაზრდების პროტესტს თანადგომა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმაც, რომელმაც თანატოლების პროტესტს გულწრფელი და სამართლიანი უწოდა.
ასევე განცხადება გააკეთა და დაგმო მომხდარი საქართველოს პრეზიდენტმა.
სამოქალაქო პროტესტმა და მოქალაქეების ერთიანობამ თავის შედეგი გამოიღო, გავრილოვმა ჯერ პარლამენტი,ხოლო მალევე ქვეყანაც დატოვა.


