Accentnews.ge
„არჩევნის წინაშე ვარ: ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში ან ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევნის გაკეთება“

„არჩევნის წინაშე ვარ: ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში ან ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევნის გაკეთება“

20/06/2020 16:01:40 პოლიტიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა და რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის შეფასებით, 20 ივნისი ერთდროულად არის გლოვის დღეც, იმის გამო, რაც მოხდა ერთი წლის წინ და ზეიმის დღეც, რადგან უამრავი ადამიანი გაერთიანდა ოკუპაციის წინააღმდეგ.

„გუშინ შემეძინა შვილი. დღეს კი ვდგავარ არჩევნის წინაშე, ან ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში ან ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევნის გაკეთება. ამიტომ ვდგავარ აქ“,– აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, „შარშან, როცა ხალხმა ჰკითხა ხელისუფლებას, „ევროატკანტიკური ინტეგრაცია ავირჩიეთ, ამას რატომ გვიკეთებო“, გავრილოვის პარლამენტში დასმის პასუხად, მათ გამოიყვანეს პოლიციელები და ეს ხალხი გადაცხრილეს“.

მისი სიტყვებით, შარშან პარლამენტის წინ შეკრებილმა ადამიანებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და უდიდესი მსხვერპლი გადაიხადეს. მათ გასცეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჰქონდათ - თვალისჩინი, იმისათვის, რომ განემტკიცებინათ ქვეყნის ერთადერთი ევროატლანტიკური არჩევანი:

„არ არსეებობს სხვა მომავალი საქართველოსთვის, გარდა ამ არჩევნისა“.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიაა“.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S