
პრემიერი – LGBT+თემის პრეტენზიებზე: "საკითხი ქართულ საზოგადოებაზე ხელოვნურად არის მოხვეული"
17/06/2019 10:43:32 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პრობლემა ხელოვნურია, ვინაიდან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
"ვფიქრობ, ეს საკითხი ხელოვნურად არის მოხვეული თავს ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს პრობლემურია. საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია. ხდება ამ პრობმლემის გაზვიადება. პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში, ესაა ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს, მთელი საზოგადოება ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ორიენტირებულები. იმ ძალების ინტერესებშია, რომელთაც სურთ, შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებაში. აქ პირველია ის, ვინც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ვისაც სამშობლო უყვარს, ვთხოვ, ამ მგრძნობიარე საკითხს შესაბამისი პასუხისმგებლობით მოეკიდოს",– განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებებს, ბახტაძის თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. როდესაც სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში. იცით, რომ შსს–მ შესაბამისი მუხლით დაიწყო გამოძიება. იგივე მიდგომა იქნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა, გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები.საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, გარანტირებულია კონსტიტუციით, ამავე დროს გვაქვს ვალდებულება, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამის სიმაღლეზე არიან. მადლობა პოლიციელებს, რომ მათ შესაბამისი ბალანსი დაიცვეს",– განაცხადა პრემიერმა.