Accentnews.ge
„უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური კულტურის განვითარების ერთადერთი გზაა“

„უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური კულტურის განვითარების ერთადერთი გზაა“

22/06/2020 07:04:42 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ ფაქტობრივად, საარჩევნო პროცესი იწყება და მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ჩაატაროს გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს.

ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S