„ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ?!"
22/06/2020 09:11:48 პოლიტიკა
ენმ–ის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია „მთავარი არხის“ ერთ–ერთი მეწილის გიორგი რურუას უდანაშაულოდ გამოცხადებას არ ითხოვს.
„ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ?! ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. დაელოდოს გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში. რატომ შეჯდა "ქართული ოცნება" ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა,"- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" თავისი პრინციპების ერთგული რჩება და რურუას გათავისუფლებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.
„რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში იქნებოდნენ და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა. ამიტომ, პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და რომლის ერთგულნიც ვიქნებით ბოლომდე: თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდა, საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მიუხედავად „ქართული ოცნების" ბაქიბუქისა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც აქვს საკმარისი ხმები. კონსტიტუციას აბსოლუტურად სხვა ღირებულება აქვს, როდესაც ის საერთო სახალხო კონსენსუსით არის მიღებული, როდესაც მასში მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი. როდესაც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ივანიშვილის ფულის გამოყენებას“,– აღნიშნა გოცირიძემ.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.


