„ოცნების“ დეპუტატები ლობისტების წერილს ეხმიანებიან
22/06/2020 09:51:46 პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ის აშშ-ის კონგრესისთვის „ქართული ოცნების“ სახელით გაგზავნილ მორიგ წერილს, რომელიც 13 კონგრესმენის მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ბუნებრივია, პარლამენტარები 170-გვერდიანი დოკუმენტის ყოველ წინადადებას ზედმიწევნით არ ეცნობიან ხოლმე. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს, რათა ნათელი მოეფინოს, რასთან გვქონდა რეალურად საქმე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფრაზა მთლიანად მოწყვეტილი იყო დოკუმენტის საერთო კონტექსტს და საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში – ეს იყო ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ძალისხმევის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, კონგრესმენებმა არ იცოდნენ, რა წერია დოკუმენტში.
„ბიძინა ივანიშვილის კავშირი პუტინთან და რუსეთთან, ეს არის უსაფუძვლო. ეს თავად დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, რომელიც არის ხელმომწერი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა კონგრესმენებთანაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი ტექსტი და კონგრესმენები, რომლებიც ძირითადად, ეყრდნობიან თავისი სტაფის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, შესაძლოა, არ იცოდნენ დეტალურად რა წერია დოკუმენტში და ამასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა კილაძემ.
კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის "რესპუბლიკური პარტიის" წევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა მწვავე ანგარიში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ანგარიშს 13 კონგრესმენი აწერდა ხელს.
ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ ლობისტები წერილით პასუხობენ. ლობისტების წერილში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის შეფასებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.


